შვეიცარიის ფედერალური პარლამენტის არჩევნებში გაიმარჯვა მემარჯვენე „შვეიცარიის სახალხო პარტიამ“
კვირას შვეიცარიის ფედერალური პარლამენტის არჩევნებში მემარჯვენე „შვეიცარიის სახალხო პარტიამ“ გაიმარჯვა. მას არჩევნებამდეც ყველაზე დიდი ფრაქცია ჰყავდა პარლამენტის ქვედა პალატაში. კენჭისყრის შედეგად მისი დეპუტატების რაოდენობა კიდევ 9-ით გაიზრდება - 200-ადგილიან პარლამენტში მათ 62 მანდატი მოიპოვეს.
პარტია აწარმოებდა კამპანიას იმიგრაციის შეზღუდვისა და ნეიტრალიტეტის მკაცრი დაცვის ლოზუნგებით. სხვა საკითხებთან ერთად, იგი წინააღმდეგია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისა და სხვა ქვეყნებისთვის რეექსპორტის ნებართვის გაცემისა - შვეიცარიისგან შეძენილი იარაღის მიწოდებისა კიევისთვის.
წარმატებას მიაღწიეს სოციალ-დემოკრატებმაც, სიძლიერით მეორე პარტიამ. სამაგიეროდ შემცირდება ოპოზიციური პარტია „მწვანეების“ საპარლამენტო ფრაქცია, რომელმაც წინა, 2019 წლის არჩევნებთან შედარებით ხმების 4% დაკარგა.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეიცვალოს შვეიცარიის მთავრობის შემადგენლობა - მრავალწლიანი პოლიტიკური ტრადიციის მიხედვით, მას ოთხი ტრადიციული პარტია აყალიბებს. ქვეყანაში ბევრი საკითხი ტრადიციულად წყდება ეროვნული თუ ადგილობრივი რეფერენდუმებით.