ყაზანის სასამართლომ რადიო თავისუფლების ჟურნალისტ ალსუ კურმაშევას პატიმრობა მიუსაჯა
დღეს, 23 ოქტომბერს, ყაზანის სოვეცკის რაიონულმა სასამართლომ 5 დეკემბრამდე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტ ალსუ კურმაშევას. ამის შესახებ თათარ-ბაშკირული სამსახურის რუსულენოვანი პროექტი Идель.Реалии იუწყება.
სასამართლო სხდომაზე ადვოკატი არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებას მოითხოვდა. თავად სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა.
კურმაშევას ბრალად ედება ე.წ. უცხოელ აგენტად რეგისტრაციაზე უარი. ამ მუხლით სასჯელი ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებრივ სამუშაოს ან თავისუფლების აღკვეთას ხუთ წლამდე ვადით.
საქმე კურმაშევას წინააღმდეგ არის პირველი, როცა სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლით რუსეთში ჟურნალისტს ასამართლებენ. კურმაშევა დანაშაულს არ აღიარებს.
„დღევანდელი მოსმენის შემდეგ ჩვენ ღრმად იმედგაცრუებული ვართ, - განაცხადა ორშაბათს რადიო თავისუფლების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჯეფრი გედმინმა, - ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ალსუ, რათა ის ოჯახს დაუბრუნდეს.”
ალსუ კურმაშევა აშშ-ისა და რუსეთის მოქალაქეა, ის ქმართან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს პრაღაში. იგი 20 მაისს ჩავიდა რუსეთში, გადაუდებელი ოჯახური აუცილებლობის გამო. 2 ივნისს ის დააკავეს, როდესაც ჩეხეთში დასაბრუნებლად ელოდა ავიარეისს.
ყაზანის აეროპორტის თანამშრომლებმა მას ორივე პასპორტი ჩამოართვეს. კურმაშევა დააჯარიმეს იმის გამო, რომ ამერიკის მოქალაქეობა არ ჰქონდა რეგისტრირებული რუსეთის ხელისუფლების ორგანოებში. ის პასპორტების დაბრუნებას ელოდა, როდესაც 18 ოქტომბერს მის წინააღმდეგ ახალი ბრალდებები გამოცხადდა.
კურმაშევა გამოცდილი ჟურნალისტია, მრავალი წელია წერს თათრეთისა და ბაშკირეთის ეროვნული უმცირესობების პრობლემებზე. იგი ჰყვება სამოქალაქო ინიციატივებზე, რომლებიც მიზნად ისახავს თათრული ენისა და თათრული კულტურის დაცვას და შენარჩუნებას ვოლგის რეგიონის რესპუბლიკების მოსახლეობაზე რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ბოლო წლებში მზარდი ზეწოლის პირობებში.
2012 წლიდან რუსეთში მოქმედებს კანონმდებლობა უცხოური აგენტების შესახებ. როგორც მრავალი უცხო ქვეყნის მთავრობისა და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ის გამოიყენება ხელისუფლების თანმიმდევრული კრიტიკოსების დასასჯელად, რომლებიც შემოსავალს იღებენ უცხოეთიდან ან ითვლებიან „უცხოური გავლენის ქვეშ“ მყოფ პირებად. რუსეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ასეთი „გავლენა“ მოიცავს თანამშრომლობას სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან და მედიასთან, დამოუკიდებელ ჟურნალისტებთან და აქტივისტებთან.
2022 წლის ბოლოდან რეესტრის წევრებს ეკრძალებათ სწავლება სახელმწიფო და მუნიციპალურ უნივერსიტეტებსა და სკოლებში, საჯარო ღონისძიებების ორგანიზატორობა და საარჩევნო კომისიების წევრობა.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება და მისი რედაქციები რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 2017 წელს შეიყვანა „უცხოელი აგენტების“ სიაში. რადიო თავისუფლებას არასოდეს უღიარებია ამ გადაწყვეტილების მართებულობა. ალსუ კურმაშევა პირადად არ არის აღიარებული „უცხოეთის აგენტად“.