მაკრონი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ახლო აღმოსავლეთში ამჟამინდელი საომარი დაპირისპირების მონაწილეებს მოუწოდა, შესაძლებელი გახადონ ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში, რათა მოხერხდეს განსაცდელში მყოფი ადამიანების დახმარება.
ღაზის სექტორის გარშემო პარიზში მიმდინარე მიმდინარე კონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა ასევე, რომ შესაძლებელი უნდა იყოს ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტა და დასძინა, რომ საფრანგეთი ას მილიონ ევროს გაიღებს ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის. მაკრონის თქმით, სამოქალაქო მოსახლეობა დაცულ უნდა იქნეს.
პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრმა, მოჰამად შტაიემ შეხვედრის დელეგატებს შეკითხვით მიმართა: „რამდენი პალესტინელი უნდა მოკვდეს იმისთვის, რომ ეს ომი დასრულდეს? საკმარისია ყოველ საათში ექვსი ბავშვის და ოთხი ქალის მოკვლა?“
შტაიემ მოუწოდა კონფერენციის მონაწილეებს „დასრულდეს ორმაგი სტანდარტები,“ რომელიც არსებობს, როგორც მან თქვა, პალესტინელ და ისრაელელ მსხვერპლს შორის.
ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სამეჰ შუქრიმ ისრაელს „საერთაშორისო სამართლის დარღვევაში" დასდო ბრალი და თქვა, რომ „რასაც ისრაელის მთავრობა აკეთებს, შორს სცილდება თავდაცვის უფლებას“.
გაეროს ვარაუდით, პალესტინელთა ავტონომიის ტერიტორიის მოსახლეობას ღაზის სექტორსა და იორდანეს დასავლეთ ნაპირზე 1,2 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება დასჭირდება დღეიდან წლის ბოლომდე.
პარიზში შეკრებილები აპირებენ შეიმუშაონ ვითარების საერთო შეფასება ადგილებზე და მიაღწიონ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაციას მხარდაჭერის მისაღწევად. არ არის დაგეგმილი ერთობლივი განცხადების გაკეთება.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებს ასევე პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი, ასევე ევროკომისიის თავმჯდომარე ურზულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, შარლ მიშელი.
ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ის აპირებს ამ კონფერენციის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბროს.