საქართველოს პრეზიდენტს ოზურგეთში, დვაბზუში ლობიოთი მჭადით და პრასით დახვდნენ
„ჩვენ გვქონდა სურვილი, რომ მიგვერთმია პრეზიდენტისთვის მისი საყვარელი ლობიო და გვეთქვა ის გულისტკივილი რაც დღეს გურიაშია, იმ სიღარიბეზე, იმ პრობლემებზე.
რაც შეეხება პროტესტს, ვაპროტესტებთ იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის ჩვენი პრეზიდენტი, ის არის ვითომ პრეზიდენტი, ის არის თავსმოხვეული პრეზიდენტი “, - უთხრა „მთავარ არხს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა ლიდერმა.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ესწრება ღონისძიებას „კალანდა 2020“.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი გურიაში 3 დღის განმავლობაში რამდენიმე ღონისძიებას გამართავს. მათ შორის შეხვდება ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს და ერისთავების ციხე-სიმაგრეზე 14 იანვარს აღმართავს სახელმწიფო დროშას.