გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე: ადამიანი ჩვენს თვალწინ ქრება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მეტია იმის ალბათობა, რომ მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწროს.
კლინიკა „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ სააკაშვილი თავს კვლავ სუსტად გრძნობს.
„ადამიანი ჩვენს თვალწინ ქრება. მისი ყურებაც შეუძლებელია. ხვალინდელ პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს, მისი ფიზიკური მდგომარეობა ამის საშუალებას ნამდვილად არ იძლევა, თუნდაც დისტანციურად. არის ხოლმე მომენტი, ვეუბნები, აბა, თავი გადააბრუნე და თავსაც კი ვერ აბრუნებს“, -განაცხადა გიული ალასანიამ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 იანვარს, 12:00 საათზეა დანიშნული.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.
დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.
2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.