საოკუპაციო ხელისუფლებამ მელიტოპოლის ქუჩებს საბჭოთა სახელები დაუბრუნა
უკრაინის ქალაქ მელიტოპოლის რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გალინა დანილჩენკომ განაცხადა, რომ ქალაქის ქუჩებს საბჭოთა რევოლუციისა და მთავრობის მოღვაწეების - ლენინის, კრუპსკაიას, ძერჟინსკის, ვოროშილოვის, ორჯონიკიძის, ჩაპაევისა და სხვათა - „ძველი ისტორიული სახელები“ დაუბრუნდათ.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება "მოქალაქეთა მრავალრიცხოვან მიმართვებთან დაკავშირებით" და "ისტორიული სამართლიანობის აღდგენის" მიზნით მიიღეს."
დანილჩენკოს თანახმად, მანამდე, 2016 წელს, უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული "დეკომუნიზაციის" ფარგლებში, მელიტოპოლის ბევრ ქუჩას უკრაინელი ნაცისტი იდეოლოგების სახელები ეწოდა. მაგრამ მელიტოპოლის ოთხმოცზე მეტი ქუჩიდან, რომლებსაც საბჭოთა სახელები დაუბრუნდებათ, მხოლოდ რამდენიმე ატარებდა უკრაინული ნაციონალისტური მოძრაობის წარმომადგენლების სახელებს.
რუსეთის ჯარებმა მელიტოპოლი გასული წლის მარტის დასაწყისში დაიპყრეს. 2022 წლის 30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ზაპოროჟიეს რეგიონში მდებარე რამდენიმე ოკუპირებული ქალაქის რუსეთთან მიერთების შესახებ. მოსკოვის ამ გადაწყვეტილებას მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა არ ცნობს.