თურქეთში მიწისძვრიდან 152 საათის შემდეგ მაშველებმა 8 წლის ბიჭი ამოიყვანეს ნანგრევებიდან
თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, მიწისძვრიდან 152 საათის შემდეგ, ადიიამანის პროვინციაში მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს 8 წლის ბიჭი.
მიწისძვრიდან 150 საათის შემდეგ ამოიყვანეს მაშველებმა ნანგრევებიდან 64 წლის ქალი ჰატაის პროვინციაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაშველებმა ჰატაის პროვინციაში, დამანგრეველი მიწისძვრიდან 140 საათის შემდეგ ამოიყვანეს 7 თვის ჩვილი.
ბოლო მონაცემებით, 6 თებერვლის დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში 28 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,8 მაგნიტუდის იყო. 6 თებერვალს, შუადღის შემდეგ, ეპიცენტრში დაფიქსირდა კიდევ ერთი - 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.