პაკისტანის მოქალაქემ მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად 30 მილიონი დოლარი გადარიცხა - უცხოური მედია
CNN-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, თურქეთის საელჩოში, პაკისტანის მოქალაქემ, რომლის ვინაობაც არ სახელდება, თურქეთის მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 30 მილიონი დოლარის დონაცია განახორციელა.
ინფორმაციას CNN პაკისტანის პრემიერ-მინისტრ, შებაშ შერიფზე დაყრდნობით ავრცელებს. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ეს ინფორმაცია „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა:
„სასიამოვნოდ გაოცებული ვარ უცნობი პაკისტანელის მაგალითით, რომელიც ამერიკაში თურქეთის საელჩოში მივიდა და 30 მილიონი დოლარის დონაცია განახორციელა თურქეთსა და სირიაში მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად“, – წერს შარიფი „ტვიტერზე“.
30 მილიონი დოლარის დონაციის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუც“.
ბოლო მონაცემებით, 6 თებერვლის დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში 28 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,8 მაგნიტუდის იყო. 6 თებერვალს, შუადღის შემდეგ, ეპიცენტრში დაფიქსირდა კიდევ ერთი - 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.