თეიმურაზ კუპატაძე: დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი, რაოდენობა გაიზრდება
„დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი, რაოდენობა გაიზრდება“, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.
თეიმურაზ კუპატაძის თქმით, საგამოძიებო მოქმედებები, თბილისის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობს.
ამასთან, კუპატაძე აცხადებს, რომ დაკავებულთა რაოდენობა დღის განმავლობაში კიდევ გაიზრდება.
„დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი, რომლებთანაც წინასწარ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რაც ასახულია აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით და გამოყენებული იქნება მტკიცებულების სახით.
ღონისძიება გრძელდება დღის განმავლობაში სხვადასხვა ქალაქში და დაკავებულების რაოდენობა კიდევ გაიზრდება“, – აცხადებს კუპატაძე.
შეგახსენებთ, ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.