მსხვერპლი მოჰყვა თურქეთში გასულ ღამით მომხდარ მიწისძვრას
სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 213 დაშავდა თურქეთის სამხრეთში, ჰათაის პროვინციაში 20 თებერვალს, მომხდარი მიწისძვრის შედეგად. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ინფორმაციით, 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 20:04 საათზე მოხდა და მას სამ წუთში მოჰყვა მეორე, 5.8 მაგნიტუდის მიწისძვრა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს სამი შენობის ნანგრევებში. სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ორი შენობა ჩამოინგრა პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ანთაქიაში და ერთი - ქალაქ ისკენდერუნში. ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა სირიაში, ლიბანში, იორდანიაში, ერაყსა და ისრაელში.
ჰათაი თურქეთის იმ პროვინციებს შორისაა, რომლებიც ქვეყნის მთავრობამ სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა 6 თებერვალს მომხდარი, 7.7 და 7.6 მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ. მათი ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა.
20 თებერვლის ღამის მონაცემებით, 6 თებერვლის მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 41 156-ს მიაღწია. უცნობია რამდენი ადამიანი ითვლება დაკარგულად. თურქეთის მთავრობის მონაცემებით, დანგრეული, ან სერიოზულად დაზიანებულია დაახლოებით 118 000 შენობა. სტიქიური უბედურების ზონიდან ევაკუირებულია 485 ათასზე მეტი ადამიანი.