უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შეტევა მოგერიებულია 3 ოლქის 11 დასახლებულ პუნქტთან
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებზე განახორციელეს 6 სარაკეტო და 28 საავიაციო დარტყმა. ასევე, 86 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენშტაბის ცნობით, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში, განადგურებული და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სკოლები და მაღაზიები.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ საარტილერიო იერიშიც მიიტანა დონეცკის, ლუგანსკის, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ათეულობით დასახლებულ პუნქტზე.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს შეტევებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და შახტარსკის მიმართულებებით.
გენერალური შტაბის თანახმად, გასულ 24 საათში, მოწინააღმდეგის შეტევა მოგერიებულია ხარკოვის ოლქის 2, ლუგანსკის ოლქის 1 და დონეცკის ოლქის 8 დასახლებული პუნქტის რაიონში, მათ შორის, ქალაქ ბახმუტში.
უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, თავდაცვის ძალების ავიაციამ 16 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და 1 დარტყმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების 2 პოზიცია და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა. გენერალური შტაბის თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს 3 უპილოტო საფრენი აპარატიც.
საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.