რუსეთში ბევრად ნაკლები უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება, ვიდრე კრემლი აცხადებს - ფონდი „სამოქალაქო თანადგომა“
რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში უკრაინიდან ლტოლვილი 5.3 მილიონი ადამიანი იმყოფება. თუმცა, „სამოქალაქო თანადგომის“ (GS) ფონდის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს მაჩვენებელი შეიძლება რამდენჯერმე იყოს გაზრდილი.
ფონდმა აღნიშნა, რომ უკრაინელი ლტოლვილების რუსეთში ჩასვლის შესახებ ინფორმაციის ძირითადი წყარო იყო სააგენტო „ტასსი“. რუსეთის ტერიტორიაზე ამჟამად მყოფი უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობის შესახებ ყველა მონაცემს გამოცემას სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენელი, უცნობი წყარო გადასცემდა.
„თანადგომის ფონდში“ მიიჩნევენ, რომ „ტასსის" მიერ მოყვანილი მონაცემები, სავარაუდოდ, საზღვრის გადაკვეთის შესახებ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ღია სტატისტიკიდან უნდა იყოს აღებული. ამასთან, ამ სტატისტიკაში შედიან არა მხოლოდ იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები, არამედ ყველა, ვინც გადაკვეთა საზღვარი, მათ შორის რამდენჯერმე.
"რუსეთში ლტოლვილების შესახებ ნორმალური სტატისტიკა არ არსებობს. ეს პირდაპირ კავშირშია იმ ფაქტთან, რომ რუსეთის ხელისუფლებამ გაანადგურა თავშესაფრის ინსტიტუტი (2022 წელს მხოლოდ 97,5 ათასმა ადამიანმა მიიღო დროებითი თავშესაფარი და მხოლოდ ხუთ ადამიანს მიენიჭა ოფიციალური ლტოლვილის სტატუსი)", - აღნიშნავს კონსტანტინე ტროიცკი, ანგარიშის ავტორი, „სამოქალაქო თანადგომის“ ანალიტიკოსი.
ანგარიშის ავტორთა თქმით, მიგრაციის სახელმწიფო სამსახურის და მიგრაციის სტატისტიკის მიხედვით, რუსეთში არ იმყოფება უკრაინიდან ლტოლვილი 5.3 მილიონი ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს საიმიგრაციო აღრიცხვაზე დადგა მილიონზე მეტი ადამიანი უკრაინიდან და თითქმის 84.5 ათასი - ე.წ. „ლუგანსკის სახალხო“ რესპუბლიკიდან. ანგარიშის ავტორების თანახმად, ესეც საკმაოდ არაზუსტი რიცხვია, რადგან ერთ ადამიანს შეუძლია წელიწადში რამდენჯერმე დადგეს აღრიცხვაზე ან სხვა ქვეყანაში გაემგზავროს.