შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, სანქციები დაუწესოს უნგრელ პოლიტიკოსებს
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში დემოკრატების და რესპუბლიკელების ორპარტიული ჯგუფი ამზადებს კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობასა და მმართველ პარტია „ფიდეს“-თან კავშირის მქონე უნგრელი პოლიტიკოსებისთვის. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კანონპროექტი, რომელიც გასული წლიდან მზადდება, კონგრესს სავარაუდოდ, მაისში წარედგინება.
უნგრელი პოლიტიკოსების შესაძლო სანქცირების ფონია შეერთებულ შტატებსა და უნგრეთს შორის გაუარესებული ურთიერთობა, ბუდაპეშტის ანტიამერიკული რიტორიკა და ორბანის მთავრობის კავშირები რუსეთთან.
12 აპრილს, ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა ბუდაპეშტში მოქმედ საერთაშორისო საინვესტიციო ბანკს(IIB), მისი მმართველის ორ მოადგილეს და ყოფილ მმართველს. სანქცირებულებიდან 2 რუსეთის და 1 უნგრეთის მოქალაქეა. შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს თანახმად, „IIB-ის ხელმძღვანელები რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ პირებთან ათანხმებდნენ IIB-ის ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებს, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგაც კი“.
13 აპრილს, უნგრული მედიით გავრცელდა ცნობა, რომ ქვეყნის მთავრობამ საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის საქმიანობაში მონაწილეობა შეწყვიტა და საკუთარი წარმომადგენლები გაიწვია.