ხარკოვთან ფოსტის შენობაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინაში, ხარკოვის ოლქში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სარაკეტო თავდასხმას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა კიდევ 16 ადამიანი. მათგან შვიდი მძიმედაა.
ხარკოვის რეგიონული პროკურატურის ცნობით, სარაკეტო თავდასხმა შაბათს, 21 ოქტომბერს, გვიან საღამოს, 22:15 საათზე მოხდა საფოსტო ოფისზე, „ნოვა პოშტაზე“, ხარკოვის ოლქის სოფელ კოროტიჩში. ეს სამოქალაქო ობიექტი იყო.
დაღუპულები ფოსტის თანამშრომლები იყვნენ.
უკრაინის პოლიციის ცნობით, შენობაში 22 ადამიანი იმყოფებოდა.
დაღუპულთა ასაკი 19-დან 42 წლამდე მერყეობს, - იუწყება ხარკოვის გუბერნატორი.
რუსეთის ფედერაცია უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და მას შემდეგ აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.