საქართველო არც ახლა აპირებს მონაწილეობას 3+3 ფორმატის შეხვედრაში
საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას თეირანში სხვა რეგიონულ ძალებთან ერთად „3+3“ ფორმატის შეხვედრაში.
„რადიო თავისუფლებას“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტიდან მისწერეს, რომ „საქართველო არ მონაწილეობს აღნიშნულ შეხვედრაში და არც არასდროს მიუღია მონაწილეობა“.
ირანული და აზერბაიჯანული სამთავრობო მედიის ცნობით, 3+3 ფორმატის შეხვედრა ორშაბათს, 23 ოქტომბერს ირანის დედაქალაქ თეირანში იმართება.
თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მონაწილეობით სამხრეთ კავკასიაში „მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეგიონული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის“ (3+3) შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოანმა 2020 წლის დეკემბერში გამოაცხადა.
ეს მოხდა ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, რასაც წინ უძღოდა რუსეთის და თურქეთის მონაწილეობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმება მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.
საქართველოს ოფიციალური პოზიცია თავიდანვე იყო, რომ პლატფორმაში მონაწილეობას არ აპირებდა.
ამ ფორმატში ერთადერთი შეხვედრა 2021 წელს გაიმართა, რასაც საქართველო არ დასწრებია.
შეხვედრაზე საქართველოს დროშაც იყო წარმოდგენილი, რაც თბილისმა გააპროტესტა.
საქართველომ რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად აზერბაიჯანსა და სომხეთს მოლაპარაკებების საკუთარი ფორმატი შესთავაზა.