ისრაელის ტანკმა შემთხვევით გაუხსნა ცეცხლი საზღვარზე ეგვიპტელთა პოზიციას
ღაზის სექტორის მაცხოვრებლებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანების მეორე კოლონამ კვირას, 22 ოქტომბერს გადაკვეთა რაფის სასაზღვრო გადასასვლელის ეგვიპტის მხარეზე.
ამის შესახებ ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურები და ჰუმანიტარული სტრუქტურებთან დაახლოებული წყაროები იტყობინებიან.
მალე მას შემდეგ, რაც კოლონა საკონტროლო პუნქტთან გამოჩნდა, თვითმხილველთა თქმით, მახლობლად აფეთქება მოხდა. Reuters-ის თანახმად, ასევე ისმოდა, ეგვიპტის მხრიდან მოსული სასწრაფო დახმარების მანქანების ხმა. ინცინდენტის შედეგად 7 ადამიანი დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ერთ-ერთმა მათმა ტანკმა შემთხვევით გაისროლა და დააზიანა საზღვრის მახლობლად მდებარე ეგვიპტის ობიექტი. ისრაელმა სინანული გამოთქვა მომხდარის გამო და დასძინა, რომ მომხდარს იძიებენ.
რაფის საგუშაგო არის მთავარი შესასვლელი და გასასვლელი წერტილი ღაზის სექტორიდან ეგვიპტის საზღვარზე, რომელიც ისრაელის მიერ სრული ბლოკადის პირობებში პალესტინის ტერიტორიის მოსახლეობისთვის პროდუქციის მიწოდების ძალისხმევის მთავარ ცენტრს წარმოადგენს.
ისრაელმა ღაზის ბლოკადა რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ ბოევიკების მიერ ქვეყანაზე 7 ოქტომბრის მასშტაბური თავდასხმის საპასუხოდ გამოაცხადა. ისრაელის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ აპირებს მთლიანად აღმოფხვრას „ჰამასი“, რომელიც სექტორში ძალაუფლებას 2007 წლიდან აკონტროლებს. ჰუმანიტარული ორგანიზაციები და მსოფლიო ლიდერები ისრაელს სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმების თავიდან აცილებისკენ მოუწოდებენ.