ავარიული შენობის მცხოვრებლებმა გორში საპროტესტო აქცია გამართეს
12 თებერვალს საპროტესტო აქცია გამართეს გორში, ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობის მცხოვრებლებმა.
ოჯახები, რომლებსაც სოციალურად დაუცველი სტატუსი აქვთ მინიჭებული, ავარიულ შენობასთან შეიკრიბნენ და ხელისუფლებისგან სხვა შენობებში განსახლება მოითხოვეს.
აქციის მონაწილეების თქმით, შენობას როგორც საძირკველი, ისე კედლები და სახურავი დაზიანებული აქვს და მცირე მიწისძვრაც კი ნგრევას გამოიწვევს.
ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში ამჟამად 80 სოციალურად დაუცველი პირი ცხოვრობს.
დაზიანებული შენობა, სახალხო დამცველის ანგარიშშიც მოხვდა, სადაც წერია, რომ შენობაში საცხოვრებელი პირობები არ არსებობს და იქ ყოფნა სიცოცხლისთვის საშიშია.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საბჭოთა პერიოდსი აგებულ შენობაში დევნილები შეასახლეს. რამდენიმე წლის წინ, იძულებით გადაადგილებული პირები, გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე აშენებულ 10 სართულიან კორპუსებში, ბინებით დააკმაყოფილეს.
გამოთავისუფლებულ შენობაში კი ის სოციალურად დაუცველი ოჯახები შეასახლეს, რომლებსაც სხვა თავშესაფარი არ ჰქონდათ.
როგორც 12 თებერვალს გამართული აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ არაერთხელ მიმართეს გორის მერიას, თუმცა, ამ დრომდე, ადგილობრივ ბიუჯეტში შენობის სარემონტო ფული არ არის გათვალისწინებული.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე პროტესტს არ შეწყვეტენ და ორშაბათიდან მერიასთან გადაინაცვლებენ.